вторник, 29 апреля 2014 г.

ვირტუალური რეალობა

ინტერნეტი სულ რაღაც ოცი წლის წინ გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მერე რა, რომ ამ ოც წელიწადში ის საოცარი სისწრაფით განვითარდა. ჩვენ, ადამიანები, ინტერნეტივით სწრაფად ვერ ვიცვლებით.ვერ ვხდებით ისეთი მრავალმხრივები, როგორც ჩვენი შექმნილი ტექნოლოგიებია. ჯერჯერობით იმაზეც ვერ შევთანხმებულვართ, საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ვდაგავართ გაოცებულები, ხელში სულ ახალ-ახალი სმარტფონები გვიჭირავს და საკუთარ მდგომარეობაზე დაფიქრებას ვერ ვასწრებთ, რადგან ამ სმარტფონებზე ნოტიფიკაციები მოდის და მოდის.


ორიოდე წლის წინ ქართველი ჟურნალისტები ისტერიკამდე მისულ სიუჟეტებს აკეთებდნენ იმაზე, რომ სოციალური ქსელები დაგვღუპავს. ფსიქოლოგები, სასულიერო პირები, მასწავლებლები - ყველა განგაშის ზარს სცემდა, რომ თუ ტექნოლოგიური პროგრესი ასეთი ტემპით გაგრძელდა, კატასტროფა გარდაუალია. დღეს ფეისბუკზე საკუთარი გვერდი იმ სასულიერო პირებს და ფსიქოლოგებსაც აქვთ. ვირტუალურ სამყაროსთან მებრძოლებმა, თავად იპოვეს იქ თავიანთი ადგილი.


მზე, მწვანე ბალახი, ცა, სუფთა ჰაერი - ეს ყველაფერი აღარ კმარა ადამიანების საცდუნებლად. კარგ ამინდში გული აღარ მიგვიწევს გარეთ გასასვლელად, რადგან ლეპტოპში ჩვენი ვირტუალური მეგობრები ცხოვრობენ. შეგრძნება, რომ ვირტუალურ სამყაროში ყველა მნიშვნელოვანია, ყველას აზრი საინტერესოა, ყველა თანაბარია - სწორედ ეს შეგრძნება იწვევს მიჯაჭვულობას, და არა ცალკე აღებული რომელიმე სოციალური ქსელი.

თანამდროვე ტექნოლოგიები მარტოობის ტექნოლოგიებია. და თუ ტექნოლოგიურ პროგრესთან ჭიდილს გადავწყვეტთ, პირველ რიგში, მარტოობა უნდა დავამარცხოთ. ვაგრძნობინოთ ერთმანეთს, რამდენად თბილები და ნამდვილები ვართ რეალურ ცხოვრებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий